წესები და პირობები
1. პლატფორმის ზოგადი დებულებები
1.1 ხელშეკრულება იდება ა(ა)იპ "ფანდრაიზერი"-სა (შემდგომში "ფანდრაიზერი") და პროექტის ავტორს (შემდგომში "ავტორი") შორის;
1.2 ფიზიკური ან/და იურიდიული პირი საკუთარ მონაცემებს აწვდის Fundraiser.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას;
1.3 თუ პირმა გაიარა წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ იგი დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რაც უთანაბრდება მხარეთა მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას;
1.4 რეგისტრაციის პროცედურის გავლამდე პროექტის ავტორი ვალდებულია გაეცნოს ხელშეკრულების ტექსტს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება რომელიმე პირობას, უარი უნდა თქვას რეგისტრაციაზე;
1.5 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ფანდრაიზერი უფლებამოსილია მიიღოს და შეამოწმოს პროექტის ავტორის პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს. წინამდებარე პირობებზე თანხმობა არის ამ კანონის მე-5 მუხლის “ა” ქვეპუქტით და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, გასაჯაროებასა და მესამე პირთათვის გადაცემაზე;
2. ტერმინთა განმარტება
2.1 ტერმინებს, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებაშია გამოყენებული, ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
2.1.1 პლატფორმა - იურიდიული პირი (საიდენთიფიკაციო ნომერი: 404595158), რომელიც ახორციელებს ფიზიკური ან/და იურიდიული პირების პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსებას Fundraiser.ge ვებ-გვერდზე პროექტის შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით; პლატფორმა მომხმარებელსა და პროექტის ავტორს შორის ახორციელებს ინვესტიციის/ფულადი სახსრების გამტარის, შემგროვებლისა და პროექტის განხორციელებაზე ზედამხედველობის ფუნქციას;
2.1.2 პროექტის ავტორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვებ-გვერდზე რეგისტრაციით დებს წინამდებარე ხელშეკრულებას ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-თან, რათა ამ უკანასკნელის მეშვეობით უზრუნველყოს პროექტის დაფინანსებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მოზიდვა და პროექტის დაფინანსება; ტერმინი “ავტორი” წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის გამოიყენება მხოლოდ ტერმინოლოგიური გარჩევადობის თვალსაზრისით და ცალსახად არ მოიაზრებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დეფინიციას;
2.1.3 პროექტი - წამოწყება, ღონისძიება, საწარმოო იდეა თუ ნებისმიერი ქმედება, საქონელი, მომსახურება, სამუშაო თუ სხვა სახის აქტივობა, რომელიც მიმართულია კომერციული (მოგებაზე ორიენტირებული), არაკომერციული, სოციალური, სამოქალაქო თუ საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისაკენ; პროექტის სახით ორგანიზებული და განთავსებულია პროექტის ავტორის მიერ შესაბამისი ფულადი სახსრებისა თუ სხვა სახის მატერიალური ღირებულებების მოზიდვის მიზნით;
2.1.4 ვებ-პლატფორმა - ვებგვერდი - https://fundraiser.ge;
2.1.5 ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელზეც მხარეები თანხმდებიან ელექტრონული კომუნიკაციის მოწყობილობის მეშვეობით და პროექტის ავტორი მას ეთანხმება შესაბამისი ველის მონიშვნის გზით, აცხადებს და ადასტურებს, რომ ხელშეკრულება სრულად გამოხატავს მის ნებას, ეთანხმება მის დებულებებს და აღიარებს სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტად;
2.1.6 საკომისიო - წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად პლატფორმის მიერ გაწეული მომსახურების საზღაური (ასეთი არსებობის შემთხვევაში);
2.1.7 შავი სია - მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, ხელმისაწვდომია საჯაროდ და ასახავს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც არ შეასრულეს პროექტი და პროექტის ბიუჯეტის შეგროვების შედეგად დაკისრებული ვალდებულებები;
3. ხელშეკრულების საგანი და თანამშრომლობის ფარგლები
3.1 პროექტის ავტორი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პლატფორმის შუამავლობით, პროექტის დაფინანსებისა და ფულადი/მატერიალური სახსრების მოზიდვის მიზნით, საჯაროდ განათავსოს პროექტი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე;
3.2 პროექტის ავტორი რეგისტრაციისას ვალდებულია, ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის ველებში ინფორმაციის მითითების/ატვირთვის გზით პლატფორმას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია ვებ-გვერდზე მისი განთავსების მიზნით:
3.2.1 სახელი და გვარი/დასახელება;
3.2.2 პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი;
3.2.3 ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;
3.2.4 საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
3.2.5 ელ-ფოსტის მისამართი;
3.2.6 პროექტის მოკლე აღწერილობა;
3.2.7 პროექტის ვრცელი აღწერილობა;
3.2.8 ანგარიშსწორების ანგარიშის რეკვიზიტები;
3.2.9 ცნობა შესაბამისი საბანკო დაწესებულებიდან ანგარიშსწორების ანგარიშის შესახებ, აღნიშნულ ანგარიშზე რაიმე სახის ვალდებულების, დავალებისა თუ შეზღუდვის არსებობის თაობაზე;
3.2.10 პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხა (ინვესტიცია), რომლის შეგროვების მიზნითაც ხორციელდება პროექტის განთავსება;
3.2.11 პროექტის განხორციელების ვადები;
3.2.12 პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფულადი სახსრების შეგროვებისათვის გამოყოფილი მაქსიმალური ვადა (თუმცა არაუმეტეს მითითებული თვეებისა);
3.2.13 სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე დოკუმენტში თუმცა პლატფორმაზე მითითებულია, როგორც სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაცია, ან პლატფორმის წარმომადგენელი მოითხოვს პროექტის ავტორისგან პროექტის შემდგომის განხორციელების მიზნით.
3.3 პლატფორმის მიერ პროექტის განხორციელებისათვის პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილი თანხის შეგროვებისთანავე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა პროექტის ავტორს მიეცემა შეგროვებული თანხა მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით;
3.4 პროექტის ავტორი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული პროექტი შეასრულოს სრულად და ჯეროვნად მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით;
4. მომსახურების საკომისიო და ანგარიშწორების წესი
4.1 პროექტის პლატფორმაზე განთავსების შემდგომ, ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“ ახორციელებს საშუამავლო, ინვესტიციის/ფულადი სახსრების გამტარისა და შემგროვებლის ფუნქციას მომხმარებელსა და პროექტის ავტორს შორის;
4.2 პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების (ან მეტის) შეგროვების შემდგომ, არაუგვიანეს შეგროვებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, პლატფორმა გადასცემს პროექტის ავტორს შეგროვილ თანხას ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით; თუ კი შეგროვებული არასრული თანხით შესაძლებელია პროექტის ნაწილობრივი განხორციელება, თანხა გადაეცემა პროექტის ავტორს ამ მუხლში მითითებული წესით.
4.3 პლატფორმა უფლებამოსილია ეტაპობრივად გადასცეს პროექტის ავტორს შეგროვებული თანხა, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს პროექტი ან/და მონიტორინგის-ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე მსგავსი ანაზღაურების წესი აუცილებელია ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს გადაწყვეტილებით;
4.4 პლატფორმის მიერ პროექტის განხორციელებისათვის პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილი თანხის განსაზღვრულ ვადაში შეუგროვებლობის შემთხვევაში (სოციალური, არაკომერციული პროექტების გარდა), ფანდრაიზერი უზრუნველყოფს მიღებული სახსრების შესაბამისი მომხმარებლებისათვის დაბრუნებას; თანხის დაბრუნებისას შესაძლებელია მომხმარებელს თანხა დაუბრუნდეს საბანკო ტრანზაქციის მომსახურების ღირებულების დაქვითვით, თუ ასეთი მოთხოვნილ/დაქვითულ იქნება მომსახურება საბანკო დაწესებულების ან/და საგადასახადო პროვაიდერის მიერ; თანხის დაბრუნება - რეფანდი ხდება პროექტის ვადის გასვლის შემდეგ და რეფანდის ასახვა პირის საბარათე ანგარიშზე მოხდება 5 სამუშაო დღეში.
4.5 პლატფორმის მომსახურების საკომისიო შეადგენს შეგროვებული ფულადი/სხვა მატერიალური სახსრების 10%-ს, რომელიც გადაიხდება შეგროვებული სახსრებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგროვებულ იქნება პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრები, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;
4.6 პლატფორმის მიერ პროექტის განხორციელებისათვის პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილი თანხის განსაზღვრულ ვადაში შეუგროვებლობის შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება ჩაითვლება წარუმატებლად და ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს პროექტის ავტორის წინაშე არანაირი სახის მატერიალური თუ არამატერიალური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება;
4.7 პლატფორმასა და თიბისი ბანკს შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, სარეზერვო პირობებიდან გამომდინარე, ბანკი უფლება-მოსილია დაიკავოს განთავსებული პროექტებისთვის შეგროვებული თანხის 10%. აღნიშნული თანხა, განთავსდება კომპანიის სარეზერვო ანგარიშზე, რათა პროექტის ავტორებისა და მომხმარებლების ინტერესებს არ მიადგეთ ზიანი სარისკო გადარიცხვებით.
5. პროექტი
5.1 პროექტში დეტალურად უნდა იქნას აღწერილი:
5.1.1 შინაარსი;
5.1.2 განხორციელების წესი და პროცედურა;
5.1.3 განხორციელების ვადები;
5.1.4 დაფინანსების საჭიროება და მიზნობრიობა;
5.1.5 მომხმარებლის/ინვესტორის ინტერესი;
5.1.6 პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (პროექტის თანხის 30%-ის შეგროვების შემდეგ მოეთხოვება შესაბამისის ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა);
5.1.7 პროექტის რისკები;
5.2 ვებ-გვერდზე შესაბამისი ველების შევსების შემდგომ, პროექტის ავტორის მიერ დადასტურების შემდეგ, პლატფორმა განიხილავს პროექტს და პროექტი უმოკლეს დროში აიტვირთება ვებ-გვერდზე და გახდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მესამე პირისათვის;
5.3 პროექტის შინაარსსა და კანონთან შესაბამისობაზე, მესამე პირებისა და მომხმარებლების/ინვესტორების წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის ავტორი, პირადად და სრული მოცულობით.
5.4 პროექტის ავტორი ვალდებულია პლატფორმისგან მიღებული თანხა სრულად მოახმაროს განვითარებასა და განხორციელებას, ვებ-გვერდზე განთავსებული და დაფინანსებული პროექტის შესაბამისად;
5.5 პროექტი, რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
5.5.1 მისი შინაარსი შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ უნდა არღვევდეს მას; დაცული უნდა იყოს “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონი, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონი და ყველა სხვა შესაბამისი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ეხება პროექტს, წინამდებარე ხელშეკრულებას ან მასთან დაკავშირებულ სხვა სახის ქმედებებს;
5.5.2 პროექტი არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური პარტიებისა თუ სხვა სახის პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებას, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩევნებისა თუ მასთან დაკავშირებული პროცესების დაფინანსებას;
5.5.3 პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ფედერაციიდან თანხების მოზიდვას, აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს და სხვა ნებისმიერი სახით კავშირს რუსეთის ფედერაციასთან; პროექტის განვითარება/განხორციელებისათვის შესაძლებელია სახსრების მოზიდვა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსაგან, გარდა რუსეთის ფედერაციისა;
5.6 პროექტის ავტორი ვალდებულია:
5.6.1 პროექტით განსაზღვრული ვადების/გრაფიკის შესაბამისად მიაწოდოს ინფორმაცია ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“ პროექტის მიმდინარეობისა და განხორციელების თაობაზე;
5.6.2 დაუყოვნებლივ აცნობოს ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“ პროექტის მიმდინარეობის, შეფერხების გამომწვევი მიზეზებისა და შეფერხების სავარაუდო ხანგრძლივობის თაობაზე;
5.6.3 მისცეს საშუალება ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“, ამ უკანასკნელის სურვილისამებრ, პერიოდულად მიიღოს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის თაობაზე, ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“ მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ; დაუშვას ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“მიერ გამოყოფილი პირ(ებ)ი პროექტის განხორციელების ადგილზე და ხელი შეუწყოს ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“ პროექტის შესრულების ზედამხედველობის განხორციელებაში;
5.6.4 ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“ მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას ინფორმაცია პროექტისათვის მიღებული სახსრების განკარგვისა და მიზნობრიობის თაობაზე;
5.7 ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“ უფლებამოსილია:
5.7.1 შეაჩეროს/დაბლოკოს პროექტი, თუ პროექტის ავტორი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან/და პროექტი არ შეესაბამება ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
5.7.2 მოსთხოვოს პროექტის ავტორს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა შეხედულებისამებრ; დამატებითი ინფორმაცია/კრიტერიუმები შესაძლებელია ეხებოდეს როგორც პროექტს, ასევე თავად პროექტის ავტორსა და მის პერსონალურ მონაცემს;
5.7.3 პროექტის ავტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის, პროექტის შეუსრულებლობის/ნაწილობრივ შესრულების, არამიზნობრივი ხარჯვისა თუ სხვა სახის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, განახორციელოს პროექტის ავტორის იდენტიფიცირება შავ სიაში, ა(ა)იპ „ფანდრაიზერის“მიერ განსაზღვრული ვადით;
5.7.4 შავ სიაში პროექტის ავტორის იდენტიფიცირება გაუქმდება, მხოლოდ მას შემდგომ, თუ სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდება, რომ პროექტის ავტორმა სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები ა(ა)იპ „ფანდრაიზერის“ თუ მომხმარებლის წინაშე;
6. პერსონალური მონაცემები, განცხადებები და გარანტიები
6.1 წინამდებარე ხელშეკრულების პროექტის ავტორი აძლევს უფლებას ფანდრაიზერს:
6.1.1 მომხმარებლებს გააცნოს პროექტი;
6.1.2 განახორციელოს პროექტის პოპულარიზაცია მისივე შეხედულებისამებრ;
6.1.3 პოტენციურ წყაროებთან/ინვესტორებთან მისი სახელით აწარმოოს მოლაპარაკებანი;
6.1.4 პროექტის დაფინანსებისა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გამოიყენოს მის მიერ გადაცემული ინფორმაცია პროექტის შესახებ და პერსონალური მონაცემები, გადასცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გახადოს საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული პროპორციულობის დაცვით;
6.2 პროექტის ავტორის პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ხორციელდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
6.3 მომსახურების გაუმჯობესებისა და სწორი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ე.წ. ქუქი (Cookies) ფაილები. ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც თქვენი ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში. ეს ფაილები ვებ-გვერდს საშუალებას აძლევს შინაარსობრივად მოერგოს პროექტის ავტორს.
6.4 ფანდრაიზერი იყენებს შეგროვებულ მონაცემებს სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის, და არა მხოლოდ:
6.4.1 მომსახურების გაწევა ხარისხიანად, პროექტის ავტორებისა და მომხმარებლების საერთო ინტერესის გათვალისწინებით;
6.4.2 ინფორმაციის მიწოდება მომსახურების ცვლილების შესახებ;
6.4.3 მომსახურების გაუმჯობესება;
6.4.4 მომსახურების გამოყენების მონიტორინგი;
6.4.5 სიახლეების, სპეციალური შეთავაზებებისა და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება საქონელზე, მომსახურებებსა, მოვლენებზე, პროექტებზე და ა.შ.
6.5 ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“ ინახავს პერსონალურ მონაცემებს იმ დროით, რა დროც არის საჭირო შესაბამისი მიზნების მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა შენახვა ხორციელდება ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით;
6.6 ინფორმაციის შენახვა ასევე ხორციელდება შიდა ანალიზის მიზნებისთვის.
7. პასუხისმგებლობა
7.1 რეგისტრაციისას პროექტის ავტორის მიერ ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-სთვის წარდგენილი ინფორმაციისა და მონაცემების სისწორეზე, სისრულეზე და არასრული/არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შედეგებზე (მათ შორის მესამე პირების მიმართ) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის ავტორს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შედეგად დადგება ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს პასუხისმგებლობა, ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“ უფლებამოსილია რეგრესის წესით მოითხოვოსპროექტის ავტორისაგან ზარალის/ზიანის ანაზღაურება;
7.2 პროექტის ავტორი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების ფარგლებში მისი ქმედებით/უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, რომელიც მისი ბრალეულობით ან/და გაუფრთხილებლობით მიადგა ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“, მომხმარებელს ან/და სხვა მესამე პირს.
7.3 პროექტის ავტორის მიერ პროექტის განხორციელების ვადების დარღვევის შემთხვევაში ფანდრაიზერი უფლებამოსილია დააკისროს პროექტის ავტორს პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების ყოველი დღისათვის პროექტის მოთხოვნილი დაფინანსების 0,7%-ის ოდენობით;
7.4 პროექტის განხორციელების შეფერხების, შეუსრულებლობის შემთხვევაში პროექტის ავტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით წარუდგინოს ა(ა)იპ „ფანდრაიზერს“ დასაბუთებული პოზიცია პროექტის შეფერხების/შეუსრულებლობის არგუმენტაციაზე მითითებით. იმ შემთხვევაში თუ ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“ ჩათვლის, რომ არგუმენტაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არასაკმარისად დასაბუთებულია ან პროექტის ავტორი არ წარმოადგენს მსგავს წერილობით დასაბუთებას, აღნიშნული ჩაითვლება პროექტის შეუსრულებლობად და ამოქმედდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესი.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა და დავის გადაწყვეტა
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში პროექტის ავტორის რეგისტრაციისა და ვებ-გვერდიზე შესაბამის ველში თანხმობის/დასტურის დაფიქსირების მომენტიდან და ძალაშია იქამდე, ვიდრე მხარეები არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს, თუმცა არაუადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი/მიმდინარე ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე;
8.2 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების ან/და მოქმედი კანონმდებლობის ნაწილობრივი შეუსრულებლობა აძლევს ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივი წესით მოშალოს ხელშეკრულება.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
8.4 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ მის მიხედვით ყველა თავისი ვალდებულების შესრულების შემდეგ.
8.5 ამხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის წარმოშობილი დავა წყდება მოლაპარაკებისა და მორიგების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
8.6 მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1¹ ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების ან ა(ა)იპ „ფანდრაიზერი“-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.