ესკი პირველი კონცეპტ სივრცეა საქართველოში, რომელიც 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს.
ჩვენ შესახებ
სოციალური კონცეფციის e-commerce მაღაზია “ესკი” წარმოადგენს პირველ ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციას.
ამ დრომდე, ესკის ბალანსზე 2000-ზე მეტი სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვაა, რამაც 100 000 ლარს მოუყარა თავი სოციალურ საწარმოთათვის. ამჟამად ვეძებთ თანამოაზრეებს, რომ რესურსების გაერთიანებით, შევქმნათ ელექტრონული კომერციის პლატფორმა და გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა მეტი დადებითი სოციალური გავლენის შესაქმნელად.
პლატფორმა მომხმარებელს ხელმისაწვდომობას უქმნის 25-ზე მეტი სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ნივთზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ინოვაციურობა
“ესკი” მომხმარებელს სთავაზობს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მომსახურებას - საშუალებას აძლევს, გააკეთოს სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვები სწრაფად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური მისიებისა თუ პროდუქციის ნაირსახეობის მიხედვით. პლატფორმა პირველი ციფრული სივრცეა, სადაც მხოლოდ სოციალური საწარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.
ამასთან, იგი არის პირველი ელექტრონული გაყიდვების გვერდი, რომელიც ტექნიკურად მორგებულია სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებზე, რაც ზრდის ინკლუზიურობას და პლატფორმის სოციალურ დატვირთვას. ევროკავშირის მხარდაჭერით, ესკის ფიზიკური სივრცე 2022 წლის სექტემბერში, ძველ თბილისში გაიხსნა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ.
რას იპოვით
ესკი მრავალფეროვანი სოციალური მისიების მქონე საწარმოების მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქციას აერთიანებს. ჩვენთან შეხვდებით აქსესუარებსა და სამკაულებს, დეკორატიულ ნივთებს, ტრადიციული რეწვის უნიკალურ ნიმუშებს, სათამაშოებსა და ხის ნაკეთობებს. ნივთის შეძენა და იმ ისტორიის გაზიარება, რომელიც თითოეული ნივთის უკან დგას, მომხმარებელს თავს კარგად აგრძნობინებს, რადგან იგი ჩვენთან ერთად უჭერს მხარს გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვას.
ესკის გავლენა
“ესკი” ხელს შეუწყობს მომხმარებელში სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების ქცევის გამომუშავებას/განმტკიცებას და მდგრადი მომავლისთვის მისი მნიშვნელოვნების გააზრებას.
ამასთან ეკონომიკურად გააძლიერებს სოციალურ საწარმოებს. ესკი აძლიერებს სოციალურ საწარმოებს და შესაბამისად აძლიერებს: - 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - 60-მდე დევნილ და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს - 15-მდე მარტოხელა დედას - 10-მდე კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალზე.
ეს კი სივრცეა, სადაც ვზრუნავთ გარემოსა და ადამიანებზე.
რას ვეძებთ?
ამ ეტაპზე, ჩვენი გავლენის გასაზრდელად და იმისთვის, რომ მეტ მომხმარებელს მივწვდეთ, გვჭირდება 8000 ლარი, რომელსაც საიტის დასასრულებლად და პროდუქციის ფოტომასალის შესაქმნელად გამოვიყენებთ.
ესკიში გვჯერა, რომ სექტორული თანამშრომლობები და სინერგია არის ერთადერთი გზა დასახული მიზნების მისაღწევად და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.
შესაბამისად, სოციალურად პასუხისმგებლიან ორგანიზაციებსა და ადამიანებს ვთავაზობთ, შემოგვიერთდნენ საქმიანობაში, მეტი დადებითი სოციალური გავლენის შესაქმნელად.